არაფერი სცოდნია მას, ვისაც უთქვამს ან სხვისი დაუჯერებია, რომ თითქოს, ამქვეყნად ყველა ფანი, ტიფოზი, ინჩასი და ქომაგი ერთმანეთს ჰგავს. შეიძლება ტრიბუნაზე ყვირილი ყველგან ერთნაირ ხმაზე ისმოდეს, მაგრამ ფრიულიში, იქ სადაც ალპებიდან ყოველ დილით ნისლი ეშვება, ადგილობრივი კლუბიც ამ ნისლივით უცნაური და მისტიურია.
„უდინეში ხალხი კეთილია, მაგრამ ცოტა უხეში. აქ თუ ერთხელ შეგიყვარეს, ბოლომდე გენდობიან, თუ არადა, ასი წელიც რომ იცხოვრო, მაინც უცხო დარჩები“ - ამბობდა ჩემი საყვარელი იტალიელი მწერალი ჯანი როდარი და მჯერა მისი, როგორც რიგით ფრიულელს სჯერა „უდინეზესი“ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ კლუბს ახალი, მართლაც მაგარი სტადიონი ეღირსა და სულ სხვა იმედებით აღავსო სრულიად თეთრ-შავეთი.
„უდინეზე“ არასდროს ყოფილა დიადი გრანდი და არც ჰქონია ამის ამბიცია. ეს კლუბი 1896 წლიდან არსებობს და ლამის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ერთ ან გადასარჩენად და სერია „ა“-ში დასარჩენად იბრძოდა ან იმავე სერია „ა“-ს სატურნირო ცხრილის შუაში გამაგრდებოდა და წლების განმავლობაში „მყარი შუაშისტის“ სახელით „ამაყობდა“.
აქ კატენაჩიო არც უყვართ და არც სძულთ - უბრალოდ იყენებენ, როცა სჭირდებათ. ფრიულიში ტაქტიკა არ არის რელიგია, ტაქტიკა ინსტრუმენტია, როგორც ჩაქუჩი ან ნაჯახი - თუ გამოგადგა, გამოიყენებ, თუ არა, კედელზე ჩამოჰკიდებ ანტონიო დი ნატალეს ბუცივით. მაშ როგორი სტილით თამაშობს „უდინეზე“? ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი და რა სიახლეების დანერგვასაც არ უნდა ეცადოს, ეს გუნდი თამაშობს უპრეტენზიოდ, უბრალოდ, მაგრამ საშინლად აგრესიულად. „აქ არავინ დარბის გიჟივით მხოლოდ სირბილის გამო. აქ სირბილს ან გოლი უნდა მოჰყვეს, ან წითელი ბარათი“ - სწორედ ხსენებულ დი ნატალეს უთქვამს ოდესღაც.
„უდინეზემ“ ყოველთვის იცოდა, როგორ დაეცვა თავი ძლიერებისგან და როგორ „დაესაჯა“ ზედმეტი ამბიციების მქონე მეტოქე. ამიტომაცაა, რომ იტალიის დიდ გუნდებს ფრიულიში თამაში არასდროს უყვარდათ. აქ არავინ დაგხვდება წითელი ხალიჩით და ყვავილებით. აქ მოწინააღმდეგეს ხვდება მძიმე გაზონი, ცივი ქარი და მეტოქე, რომელიც ყველაფერს იზამს, ოღონდ ქულები არ გაგატანოს.
ეს კლუბი არასდროს გამხდარა იტალიის ჩემპიონი და ამაზე ადგილობრივ ტიფოზებს მხოლოდ უოცნებიათ. მისი ყველაზე დიდი მიღწევა 1955 წლის ჩემპიონატში დაკავებული მე-2 ადგილია, როცა „უდინეზემ“ მოულოდნელად საოცარი სეზონი ჩაატარა.
1990-იანების მეორე ნახევრიდან დაწყებული 2010-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით „უდინეზეს“ ოქროს ხანა იყო. ამ პერიოდში კლუბმა ორჯერ (1997/98 და 2011/12 წლების სეზონი) შეძლო სერია „ა“-ში მე-3 ადგილის მოპოვება. 1998-ში უდინელთა გერმანელი თავდამსხმელი ოლივერ ბირჰოფი სულაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა 27 გოლით...
კლუბის ისტორიაში გამოსარჩევია 2002-03 წლების სეზონი, როდესაც "უდინეზეს" მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი (მეორედ) დაინიშნა, მან ამბიციური და ორგანიზებული კლუბი ჩამოაყალიბა, რის ხარჯზეც კლუბი უეფას თასზე (ახლანდელი ევროპა ლიგა) გაიყვანა, ხოლო 2004-05 წლების სეზონში "უდინეზემ" სერია ა-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ პერიოდის გუნდის სიმბოლო ანტონიო დი ნატალეა, რომელმაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი - 227 გოლი გაიტანა. მასვე ეკუთვნის „უდინეზეს“ ფეხბურთელებს შორის სერია „ა“-ში გატანილი გოლების რეკორდიც - 191.
ფრიულელი ტიფოზები არ არიან განსაკუთრებულად მრავალრიცხოვანი, მაგრამ ისინი ყოველთვის ადგილზე არიან და მათი უღალატობის შესახებ მთელს აპენინებზე ლეგენდებია გავრცელებული. ისინი არ ყვირიან უაზროდ, არ აგინებენ საკუთარ ფეხბურთელებს პირველივე შეცდომაზე. აქ უფრო ჩუმი ბრაზი, ჯიუტი მხარდაჭერა და დაუფარავი სიძულვილი იციან სტუმარი გუნდის მიმართ. რობერტო ბაჯოს სიტყვებია: „სტადიონი „ფრიული“ არ გაშინებს ხმაურით - ის გკლავს სიჩუმით, იმ შეგრძნებით, რომ აქ ყველა შენს წინააღმდეგაა, მაგრამ ამას არავინ გეუბნება ხმამაღლა“.
დღეს „უდინეზე“ ისევ იქაა, სადაც უმეტესად იყო - ჩემპიონატის ცხრილის შუაგულში ან ქვედა ნაწილში. იცვლებიან მწვრთნელები, მოდიან და მიდიან ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი რჩება იგივე - უხეში, არასასიამოვნო, მაგრამ რაღაცნაირად, უცნაურად მომხიბვლელი. ეს არ არის გუნდი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება ნეიტრალური იყო. ის ან მოგწონს, ან ვერ იტან. სწორედ ასეთია „უდინეზე“!









