„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დიდი მხიარულება იყო. საქართველოს რაგბის კავშირისა და თბილისის მერიის ორგანიზებით საახალწლო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს 8-წლამდელთა 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა, ლეგენდარული ბორჯღალოსანი მამუკა გორგოძე და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე დამწყებმა მორაგბეებმა „შევარდენის“ ბაზა დაათვალიერეს და საკუთარი თვალით ნახეს თუ სად და როგორ ემზადებიან თამაშებისთვის ბორჯღალოსნები.
ამას მოყვა სახალისო თამაშები, მცირე შესვენება და რაგბის ფესტივალი, რის შემდეგაც ბავშვებმა რაგბის კავშირისა და თბილისის მერიისგან ბურთები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვებში რაგბისადმი ინტერესის გაღრმავებას, სპორტული ღირებულებების პოპულარიზაციას და წინასაახლწლო განწყობის შექმნას. ფესტივალი ტრადიციული „მესამე ტაიმით“ დასრულდა.









