2025-2026 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილი თამაშს კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს. გრაცის „შტურმის“ ქართველი კაპიტანი, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და ამას ადგილობრივი გულშემატკივრებიც ნათლად აფასებენ.
ავსტრიულმა სპორტულმა პლატფორმამ LAOLA1-მა ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლური გუნდის შესადგენად გულშემატკივართა გამოკითხვა ჩაატარა. სასიამოვნოა, რომ 11 რჩეულ მოთამაშეს შორის ადგილი 29 წლის ქართველ ნახევარმცველსაც ერგო.
ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე კიტეიშვილი ორ ფეხბურთელს ეჯიბრებოდა – ლასკის საშა ჰორვატსა და ტიროლის ვალენტინო მიულერს. გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო - 2081. ჰორვატს 1018 გულშემატკივარმა დაუჭირა მხარი, ხოლო მიულერს - 915-მა.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან თავი ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა, სადაც 5 თამაშში 2 გოლი მიითვალა, ხოლო ავსტრიის თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ ახალ წელს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მესამე ადგილზე ხვდება.









