ალბათ, გსმენიათ მოსაზრება - ბავშვები ინფექციებს იზიდავენ. ხშირად სტკივათ ყელი, ყური, აქვთ სურდო, სიცხე ან ახველებთ. ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია - ზედა სასუნთქი გზების ანთებას ბავშვთა დაავადებებში პირველი ადგილი უკავია. მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეთ თუ გეტყვით, რომ პატარების ავადმყოფობებში მეორე ადგილი საშარდე გზების ინფექციებს უკავია.
ბევრი დედა წუხს, რომ მათ შვილებს შარდვისას საშინელი ტკივილი აქვთ ან არასრულფასოვნად შარდავენ, ბავშვის შარდი შემღვრეულია და მძაფრი სუნი აქვს, სტკივათ მუცელი და წელი - ეს ყველაფერი სწორედ საშარდე გზების ანთებაზე მიანიშნებს, რაც საკმაოდ სახიფათო დაავადებების კატეგორიაში შედის.
გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, მოზარდებში ძირითადად ორი სახის საშარდე გზების ანთებას ასახელებენ - ქვემო საშარდე გზების ინფექცია - შარდის ბუშტის ანთებით, რასაც სამედიცინო ტერმინოლოგიით ცისტიტს უწოდებენ და ზემო - თირკმლის ანთებით ანუ პიელონეფრიტი, რომელზეც სტატიაში ვრცლად გესაუბრებით.
რომელი ასაკის ბავშვებში გვხვდება პიელონეფრიტი
საშარდე გზების ინფექცია შეიძლება ახალშობილ ბავშვსაც გამოუვლინდეს, განსაკუთრებით ბიჭებს, თუმცა ეს დაავადება, რომელიც პიელონეფრიტსაც მოიაზრებს, განსაკუთრებით ხშირია 7 წლამდე ასაკის მოზარდებში. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ამ დროს ინფექცია 8-10-ჯერ უფრო ხშირია გოგონებში, მიზეზი – მათ გენიტალიების ანატომიურ თავისებურებაშია. ურეთრა შედარებით მოკლე და განიერია, რის გამოც ინფექცია აღმავალი გზით ადვილად ვითარდება.
ზოგადად მოზარდებში ინფექცია ძირითადად გამოწვეულია შარდის უკუდინებით ბუშტიდან შარდსაწვეთებში.
რა თქმა უნდა, საშარდე გზების ანთებით, განსაკუთრებით კი პიელონეფრიტით, 7 წლის ზემოთ მოზარდებიც ხშირად ავადდებიან, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები, ამიტომ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
იცოდეთ სიმპტომები, რომელიც პიელონეფრიტს ახასიათებს
ბავშვები საკმაოდ ხშირად და მოულოდნელად ხდებიან ავად სხვადასხვა ინფექციით, რასაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა. ამ დრო შესაძლოა მოზარდს ტკივილი დაეწყოს შარდვისას, რასაც ზოგჯერ მშობელი უბრალო გაციებით ხსნის. სამწუხაროდ, არ ცოდნის და ყურადღების მოდუნების გამო, შეიძლება ისეთი მძიმე დაავადება გამოგრჩეთ, როგორიც პიელონეფრიტია, ეს კი მომავალში ბავშვის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ სიმპტომები, რომელიც ამ დაავადებას ახლავს და დაფიქსირებისთანავე მიიყვანეთ პატარა პაციენტი ექიმთან, კერძოდ უროლოგთან.
სიმპტომები კი ასეთია:
- ტემპერატურის მოულოდნელი აწევა 39°-40°C-მდე, ისე რომ ბავშვს არც სურდოს ნიშნები, ყელის ტკივილი, სასუნთქი გზების სხვა სიმპტომი არ უფიქსირდება;
- თუ გრძნობს ტკივილს წელის არეში, რომელიც შესაძლოა გადაეცემოდეს მუცლის და საზარდულის არეში;
- თუ ამცივნებს და კანკალებს;
- თუ ხშირად შარდავს და შარდვის დროს გრძნობს ტკივილს;
- თუ შეამჩნიეთ, რომ შარდი აემღვრა და იგრძენით მკვეთრი სუნი;
- დაეწყო გულისრევა, ღებინება;
- ზოგადი სისუსტე;
- ოფლიანობა.
ეს სიმპტომების ერთობლიობა იმაზე მიანიშნებს, რომ მოზარდს პიელონეფრიტი განუვითარდა და მის მკურნალობაში სასწრაფოდ უნდა ჩართოთ ექიმი, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს დიაგნოსტიკა და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.
რისი ცოდნაა საჭირო პიელონეფრიტის შესახებ?
პიელონეფრიტზე და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ზუსტი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, უმჯობესია თავად ფლობდეთ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ.
ეს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი პათოლოგია, რომელსაც უმეტესად ნაწლავის ჩხირი იწვევს. იშვიათად კი სტაფილოკოკი, ენტეროკოკი და იშვიათად კლებსიელდა.
ამ დრომდე დადგენილია დაავადების ორი ფორმა - მწვავე (სეროზული - გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო სითხე, რომელიც შედგება ცილების, ელექტროლიტების, ჰორმონებისა ან სხვა ნივთიერებებისგან და ჩირქოვანი) და ქრონიკული, რომელიც მწვავე პიელონეფრიტის არასრულფასოვანი და არასათანადო მკურნალობის შემდეგ ვითარდება. მწვავე პიელონეფრიტის დროს ანთებისა და შეშუპების გამო დაზიანებული თირკმელი ზომაში იზრდება და თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის, ან ვითარდება ჩირქოვანი პროცესი - პიელონეფრიტის აპოსტემატური ფორმა, თირკმლის კარბუნკული (ჩირქოვან-ნეკროზული ანთება) ან აბსცესი, ანუ ჩირქგროვა.
რაც შეეხება ქრონიკულ პიელონეფრიტს იგი, იმ შემთხვევაში ვითარდება თუ მწვავე ანთების მკურნალობას ბოლომდე არ მიიყვანთ და ბოლომდე არ მოხდება მავნე ბაქტერიების განადგურება. ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება დაავადების მძიმე ფორმამ 20 წლის შემდეგ იჩინოს თავი - კერძოდ შეიძლება დასრულდეს თირკმლის უკმარისობით, რისთვისაც დიდია ალბათობა, რომ დიალიზი გახდეს საჭირო, ან საქმე ამ ორგანოს ამოკვეთამდეც მივიდეს.
გახსოვდეთ, ანთების ჩაქრობა ნიშნავს ყველა მიკრობის განადგურებას და შარდის ნორმალური ნაკადის აღდგენას, რაც მკურნალობის დასრულების შემდეგ დამატებითი კვლევებით და ანალიზებით უნდა გადამოწმდეს.
გაითვალისწინეთ, თუ ბავშვს პიელონეფრიტი ხშირად უვითარდება, ამან შეიძლება მოზრდილობაში თირკმლის შეჭმუხნა გამოიწვიოს, რაც თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას და მაღალ არტერიულ წნევას იწვევს.
ამიტომ მწვავე პიელონეფრიტის დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ მიიყვანეთ ბავშვი ექიმთან/უროლოგთან, რომელიც სრული ანამნეზის - ლაბორატორიული კვლევების და კლინიკური მახასიათებლის ანალიზით, შესაბამის სწრაფ და ეფექტიან ანტიბიოტიკოთერაპიას დანიშნავს. მაგალითად, უფროსებში აქტიურად ნიშნავენ უროსთრონგს, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. თუმცა, სანამ ნებისმიერ მედიკამენტს ბავშვს მისცემთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისი დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.
როგორ ავიცილოთ მოზარდს პიელონეფრიტი - რეკომენდაციები მშობლებისთვის
ბავშვის პიელონეფრიტისგან დაცვა საკმაოდ მარტივია თუ დაიცავთ რამდენიმე მარტივ წესს და თავად ბავშვსაც ასწავლით ჰიგიენის ნორმებს.
- პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მოზარდის ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას – ყაბზობა ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას.
- მნიშვნელოვანია მცირეწლოვან შვილს ასწავლოთ ან ვიდრე პატარაა თავად დაბანოთ სწორად, განსაკუთრებით – გოგონებს. ჩაბანა საჭიროა ნაკლებად აქაფებადი საპნით, რადგან ქაფის ბუშტებს გასკდომისას გარეთა სასქესო მიდამოში არსებული მიკრობები შიგნით შეაქვთ;
- ჩაბანისას ხელი უნდა ამოძრაოთ წინიდან უკან და არა პირიქით;
- ასევე ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მოშარდვის შემდეგ უნდა გაიმშრალოს წინიდან - უკან, რათა ბაქტერიები სწორი ნაწლავიდან არ მოხვდნენ შარდსადინარ მილში;
- მიაქციეთ ყურადღება ბავშვმა არ შეიკავოს შარდი, ასწავლეთ მოშარდოს სურვილის გაჩენისთანავე;
- მცირეწლოვანს ჩააცვით ნატურალური ბამბის საცვლები, რომელიც არ ექნება მჭიდროდ, რომ ხდებოდეს აერაცია;
- თქვენი შვილები ღრმა ბავშვობიდან შეაჩვიეთ სითხის მიღებას, როგორც წყლის, ასევე C ვიტამინით მდიდარი მჟავე წვენების, რადგან მჟავა ბაქტერიების ზრდას აფერხებს, წყალი კი ზრდის შარდის მოცულობას, რაც ბაქტერიების გამოდევნას უწყობს ხელს.
ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ მოზარდი პიელონეფრიტით არ დაავადდეს, ექიმები პირველ რიგში მშობლებს ურჩევენ კარგად დაიცვან ბავშვის ჰიგიენა, რადგან დაავადების განვითარების რისკი განსაკუთრებით გოგონებში, ძალიან მაღალია, დაახლოებით 60 %.
გახსოვდეთ, ეს დაავადება ზრდასრულობის ასაკში მთელი სიმძაფრით იჩენს თავს, განსაკუთრებით, ფეხმძიმობის პერიოდში. ამიტომ, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიიყვანეთ პატარა პაციენტი უროლოგთან, ინფექციის დონის დასადგენად გაუკეთეთ შარდის და სისხლის ანალიზები და დიაგნოზის დასმის შემდეგ, ბოლომდე მიიყვანეთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი.
®









