კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრიი შევჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩების საზღვარგარეთ ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება. შეიარაღებული კონფლიქტის გამო უკრაინელები საკუთარ ქვეყანაში მატჩებს ვერ თამაშობენ.
„ჩვენ ამ მატჩებზე უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ, ისე, რომ არენას ვერც კი ვავსებთ. ჩვენთვის, საშინაო მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარება დაახლოებით ხუთჯერ მეტი ჯდება. სპონსორები იმ ქვეყანაში არიან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს და მათ შეზღუდული რესურსები აქვთ.
მე არ შემიძლია მთავრობასთან მივიდე და ფული მოვითხოვო, რადგან მათი მიზანი ქვეყნის გადარჩენაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში და კერძო შემოწირულობებს დავეყრდნოთ“, - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს შვედური გამოცემა „Dagens Nyheter“.









