ინგლისური ჩემპიონშიფის 23-ე ტურში, დღეს, 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე“ გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლესტერს“ ესტუმრა და 1:2 გაიმარჯვა. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90+1-ე წუთზე ჯეიმს მორისმა შეცვალა. ქართველი აქტიური გახლდათ, აღსანიშნავია 82-ე წუთი, როცა გიორგის გადაცემის შემდეგ საჯარიმოს გარედან ნესტორი ირანკუნდა ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ „მელიების’’ მეკარე იაკუბ სტოლარჩიკმა მოიგერია.
29 დეკემბერს „უოტფორდი“ „ნორვიჩს“ შეხვდება, პირველ იანვარს „ბირმინგემს“ უმასპინძლებს ხოლო 4 იანვარს, „ჰალს“ ეწვევა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. „უოტფორდი“ 23 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.






