„სარბიელის’’ ტრადიციული, ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს ობიექტური მიზეზების გამო დაგვიგვიანდა, თუმც არა უშავს, საუკეთესოები ხომ არსად იკარგებიან...
შეგახსენებთ, „სარბიელის’’ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. 2008 წლამდე ქართველი ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს დაბრკოლების გარეშე, რეგულარულად ასახელებდნენ, შემდეგ კი რიგ გარემოებათა გამო იყო სამწუხარო 10-წლიანი წყვეტა, რომელიც 2018 წელს „ლიდერბეთის’’ ხელშეწყობით აღდგა. თანამშრომლობა მყარი გამოდგა. ჩვენი პარტნიორი წლეულსაც „ლიდერბეთია’’, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის.
წლევანდელ გამოკითხვაში, რომელიც 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, 78 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი. ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელი კი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ერთპიროვნულად „სარბიელის’’ რედაქციამ დაასახელა.
ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერეს. ადრეც ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა კი ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები ჯამდება. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯაროა.
ახლა მთავარი: საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფებურთელი - ხვიჩა კვარაცხელია !!!
მეორე არის გიორგი მიქაუტაძე, მესამე - გიორგი მამარდაშვილი.
ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოდ დაასახელა 77 ჟურნალისტმა და მხოლოდ ერთის რჩეული გამოდგა გიორგი მამარდაშვილი. გიორგი მიქაუტაძეს პირველი ადგილი არ მიუღია.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი „ნაპოლიში’’ დაიწყო და 2025 წლის იანვირდან პსჟ-ში გააგრძელა. გააგრძელა და გააგრძელა, მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლებოდა... მხოლოდ ერთხელ მოეცარა ხელი, როცა მისი გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან’’ დამარცხდა. გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი:
მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, იტალიის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი და საკონტინეტთაშორისო თასი... გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გოლი გაიტანა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში... მე-12 ნომრად იყო დასახელებული „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში...
„სარბიელის’’ წლევანდელ გამოკითხვაში ხვიჩამ ჯამში მიიღო 232 ხმა. მან უდიდესი უპირატესობით ჩამოიტოვა გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი, შესაბამისად 96 და 61 ქულა. ხვიჩა მხოლოდ ერთი ჟურნალისტის ანკეტაში ამოვიკითხეთ მე-3 პოზიციაზე.
ხვიჩასთვის ეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის მესამე ტიტულია, რითაც გაუთანაბრდა შოთა არველაძეს.
ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი პირველად 2020 -2021 წლების სეზონის შედეგების მიხედვით გახდა. მაშინ ის რუსულ „რუბინში’’ თამაშობდა. მეორედ - 2022-2023 წლების სეზონის ბოლოს, „ნაპოლიში’’ თამაშის პერდიოში გახდა ჩვენი რჩეული და ესეც მესამე... ალალი და დამსახურებული!
ნომინანტთა შორის ამჯერად სულ 9 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი, რაც, ცხადია, ეროვნული ლიგის არც თუ მაღალ დონეზე მეტყველებს.
ხვიჩას, მოქანდაკეების, ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის დამზადებული ექსკლუზიური პრიზი (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან „პირველი მერცხალი’’ ) უახლოეს მომავალში ჩაბარდება.
რაც შეეხება ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტს. ის 78 ჟურნალისტიდან 76 -მა გამოავლინა. აქაც, უდიდესი უპიტრატესობით იმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „უდინეზეს’’ მცველმა საბა გოგლიჩიძემ. მისთვის ეს პირველი დიდი აღიარებაა. ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა’’ ) მასაც მალე გადაეცემა.
და ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ალექსანდრე ჩივაძე !!! ეს უდიდესი ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის რიგით მესამე ლაურეატია. აქამდე ჯილდო მანუჩარ მაჩაიძესა და მურთაზ ხურცილავას გადავეცით.
„სარბიელი“









