ფეხბურთი

10:24 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

იავნანამ კი არადა, ხვიჩამ კიდევ რა ქნას?

საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც 2025 წლის საუკეთესო ქართველი მამაკაცი სპორტსმენი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა, საზოგადოებაში სრულიად ლოგიკური კითხვები გააჩინა. არა იმიტომ, რომ ბაზაძე არ არის ღირსეული სპორტსმენი. სულ სხვა რამაა ქომაგთა არცთუ მცირე ნაწილის გულისწყრომის მიზეზი.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბაზაძესთან ერთად არსებობდა სპორტსმენი, რომლის მიღწევები წლეულს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპულ და მსოფლიო დონეზეც კი, უნიკალური და განსაკუთრებული იყო. რასაკვირველია, ხვიჩა კვარაცხელიას ვგულისხმობთ.

კვარაცხელიასთვის 2025 წელი იყო ისტორიული. არა კარგი და არა უბრალოდ წარმატებული, არამედ ისტორიული და უნიკალური!

ჩამოვთვალოთ? კი ბატონო!

1. უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება.

დიდი წვლილი გუნდის ფინალში გაღწევასა და ისტორიული გოლი საკუთრივ ფინალში;

2. ორი სხვადასხვა, ტოპხუთეულის წევრი ქვეყნის ჩემპიონობა ერთ კალენდარულ წელს;

3. ევროპის სუპერთასი;

4. საფრანგეთის თასი;

5. საკონტინენტთაშორისო თასი და გოლი ამ თასის ფინალშიც;

6. მე-12 ადგილი „ოქროს ბურთის“ მაძიებელთა იმ რეიტინგში, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ელიტაა თავმოყრილი.

ეს არის შედეგები, რომლებიც ბევრ ქვეყანას ათწლეულებში ერთხელაც არ დაუდია და ეს წლეულს ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მოახერხა!

და ამ დროს საქართველოს სპორტის სამინისტროს დაჯილდოვებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა....

აქ მთავარი არაა სპორტსმენებიდან ვინ უფრო გვიყვარს. მნიშვნელოვანი და სრულიად გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით აფასებს სამინისტრო წარმატებას. თუ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებში გადამწყვეტი როლის შესრულება, ფინალებში გატანილი გოლები და საერთაშორისო აღიარება (თანაც სპორტის #1 სახეობაში) საკმარისი არ არის, მაშინ რა არის საკმარისი? მეტი რა უნდა ქნას სპორტსმენმა?

ეს ქმნის საშიშ პრეცედენტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ საქართველოში სპორტული მიღწევები არა მათი მასშტაბითა და მნიშვნელობით, არამედ სუბიექტური პოლიტიკური (ან სხვა, პირადი) სიმპათიებით ფასდება (თუნდაც ზაზა ფაჩულიას მაგალითი გავიხსენოთ, როდესაც NBA-ს ჩემპიონი კაცი საქართველოში საუკეთესო ვერ გახდა, გეგონება, NBA ჩვეულებრივი, რიგითი ტურნირი იყოს და მას ქართველები პანტა-პუნტით იგებდნენ) და რომ საერთაშორისო წარმატება შეიძლება მეორეხარისხოვანი აღმოჩნდეს, თუ ის „არასწორ“ დროს და „არასწორ“ სახეობაშია მოპოვებული.

სანდრო ბაზაძე რომ ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენია, ჩვენი მტკიცება არ სჭირდება და მის სერიოზულ წარმატებებს პატივისცემა ეკუთვნის, მაგრამ წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული შედარების გარეშე არ არსებობს და 2025 წელს ამ შედარებაში ხვიჩა კვარაცხელიას უგულვებელყოფა უბრალოდ აუხსნელია.

სპორტი შედეგებით ფასდება, 2025 წლის შედეგები კი, საქართველოს მასშტაბით ერთ სახელს ყველაზე ხმამაღლა ამბობენ!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168016