გრაცის „შტურმს“, სადაც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი თამაშობენ, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - 33 წლის ფაბიო ინგოლიჩი. ავსტრიულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ინგოლიჩმა იურგენ ზაუმელი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო ერთი კვირის წინ დაითხოვეს.
მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი გრაცელებს ჩაუვარდათ: ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე არიან ლიდერთან ოთხქულიანი ჩამორჩენით, ხოლო ევროპა ლიგაზე 6 ტურის შემდეგ 4 ქულით 29-ე ადგილს იკავებენ.
„შტურმი“ ზამთრის პაუზაზეა, ოფიციალური მატჩი ერთ თვეში აქვს, ამრიგად, ახალ მწვრთნელს თავისი იდეების გასატარებლად დრო ექნება.
გასაკვირი არაა, რომ 33 წლის სპეციალისტს დიდი გამოცდილება არ გააჩნია: აქამდე 2022-2023 წლებში „ლიფერინგის“, ხოლო 2024-2025 წლებში „ალტახის“ მთავარი მწვრთნელი იყო.









