აფრიკის თასზე ასპარეზობა C ჯგუფშიც დასრულდა და მორიგი მერვედფინალისტები გაირკვა.
ნიგერიის ნაკრებმა მოლოდინისამებრ ადვილად აჯობა უგანდას ნაკრებს - 3:1. შედეგად, ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ტუნისი ტანზანიას დაუზავდა (1:1), რაც ჯგუფიდან გასასვლელად ეყო, რადგან 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
უგანდამ ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა (1 ქულა), ხოლო ტანზანიამ 2 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდა, შესაბამისად მერვედფინალში გავიდა. ტანზანია ისტორიაში პირველად ითამაშებს აფრიკის თასის მერვედფინალში.
ტანზანიის მესამე ადგილით, ანგოლამ და კომორის კუნძულებმა დაკარგეს მერვედფინალში გასვლის შანსი, რადგან მათი შედეგი საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანში მოსახვედრად საკმარისი არ იქნება.
უკვე ცნობილია ორი მერვედფინალური წყვილიც: მალი - ტუნისი და მაროკო - ტანზანია, ხოლო ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი და ნიგერია მეტოქეებს ელოდებიან.









