ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა.
მატჩის დიდი ინტრიგა ჰქონდა, გუნდებს შორის სხვაობა ხომ მხოლოდ სამი ქულა იყო და უნაი ემერის გუნდიც 11-მატჩიანი მოგებების სერიით ჩავიდა ლონდონში, მათ შორის, სამი კვირის წინ „არსენალთან“ საკუთარ მოედანზე მოგებული ჰქონდა. მოკლედ, თავდაჯერებული იყო.
თუმცა, „ასტონ ვილამ“ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია მეტოქეს წინააღმდეგობა, მეორე ნახევარში კი მიკელ არტეტას გუნდმა დიდებულად ითამაშა - 4:1. გაბრიელ მაგალაეშმა, მარტინ სუბიმენდიმ, ლეანდრო ტროსარმა და გაბრიელ ჯეზუშმა გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ოლი უოტკინსის გოლით უპასუხეს.
„არსენალი“ 45 ქულით პირველ ადგილზეა და 2026 წელს ლიდერის რანგში შეხვდება, ხოლო „ასტონ ვილა“ 39 ქულით მესამეა.
თითქოს, „მანჩესტერს“ კიდევ რა უნდა დაემართოს, მაგრამ ტურიდან ტურამდე ყველას აოცებს. რუბენ ამორიმის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ვულვზს“ ვერ მოუგო, გუნდს, რომელსაც 19 ტურში არ მოუგია და 3 ქულა აქვს - ერთი „მანჩესტერთან“ მოიპოვა. „მანჩესტერს“ 30 ქულით მეეექვსე ადგილი უკავია.
ვერც „ჩელსი“ ბრწყინავს, რომელმაც შინ „ბორნმუთს“ ვერ მოუგო - 2:2. ენცო მარესკას გუნდი სამი ტურია მოუგებელია და 30 ქულით მეხუთე ადგილზეა.
„ნიუკასლმა“ სტუმრად „ბარნლის“ 3:1 აჯობა და 26 ქულას მოუყარა თავი, რითაც, ცხრილის შუაშია. „ევერტონმა“ სტუმრად 2:0 მოუგო „ნოტინგემს“ და 28 ქულით მერვე პოზიციაზეა, ხოლო „ვესტ ჰემმა“ ქულა მოიპოვა შინ „ბრაიტონთან“ და წაგებების სერია შეწყვიტა.
„არსენალი“ – „ასტონ ვილა“ 4:1 (0:0)
გოლები: 1:0 გაბრიელი (48), 2:0 სუბიმენდი (52), 3:0 ტროსარი (69), 4:0 გაბრიელ ჟეზუში (78), 4:1 უოტკინსი (90)
„ჩელსი“ – „ბორნმუთი“ 2:2 (2:2)
გოლები: 0:1 ბრუკსი (6), 1:1 პალმერი (15. პენ), 2:1 ფერნანდესი (23), 2:2 კლუივერტი (27)
„მანჩესტერი“ – „ვულვზი“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ზირკზე (27), 1:1 კრეიჩი (45)






