„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ელჩესთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა.
ესპანელმა მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძე შეაქო და განაცხადა, რომ მას ექნება კარგი და ცუდი მატჩებიც, მაგრამ თავდამსხმელის თამაში დიდწილად გუნდის თამაშზეა დამოკიდებული:
„ეს ფეხბურია, ზოგჯერ ის კარგად ითამაშებს, ზოგჯერ არც ისე კარგად. თავდამსხმელი დიდად არის დამოკიდებული გუნდის თამაშზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ის ახალგაზრდა ბიჭია, 24 წლის, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობდა. იქნება კარგი და ცუდი პერიოდებიც. გოლი თავდაჯერებულობას გმატებს და ეს გოლი მას დაეხმარება. „ბარსელონასთან“ ძალიან კარგად ითამაშა. ამ კვირაში ძალიან კარგად ივარჯიშა და მჯეროდა, რომ დღეს უნდა ეთამაშა, რადგან „ელჩეს“ დაცვითი სტილი მას შეეფერებოდა. ჰქონდა კარგი შანსები, გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ძალიან კმაყოფილი ვარ და ყოველთვის ფრთხილად ვარ ახალი, უცხოელი ფეხბურთელის მიმართ, ის ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდშია, ესპანეთის ჩემპიონატს ეგუება“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 20 მატჩი, 6 გოლი და 3 საგოლე პასი.
„ვილიარეალი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „ალავესს“ უმასპინძლებს.





