"ტორონტო რეპტორსმა" NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ატლანტა ჰოუქსი" უმასპინძლა და მეტოქე 17-ქულიანი სხვაობით - 134:117 დაამარცხა. ეს გამარჯვება კანადური კლუბისთვის მიმდინარე სეზონში უკვე 21-ე აღმოჩნდა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 31:56 წუთი გაატარა და შეხვედრა შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა - 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება. მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი პასი დააკლდა.
სანდრომ თამაშში ფარის მიმართულებით 10-ჯერ ისროლა, საიდანაც 5-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 32 წუთში მას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. მატჩის შემდეგ ქართველ კალათბურთელს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისი +- მაჩვენებელი +27-ს გაუტოლდა.
ერთ მატჩში გაკეთებული რვა შედეგიანი გადაცემა მამუკელაშვილისთვის NBA კარიერაში ახალი პირადი რეკორდია.
"ტორონტო რეპტორსს" 21 მოგების საპირისპიროდ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.







