ფეხბურთი

10:50 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "უსამართლობის განცდა მაქვს, ყველა სტადიონზე მსგავსი შეძახილები ისმის"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „პარიზთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა, რადგან მისი გუნდი ძალიან ამბიციურია:

„შეფასება ნათელია: როგორც მოსალოდნელი იყო, რთული მატჩი გამოდგა. კარგი პირველი ტაიმი გვქონდა ბევრი შანსით, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმში უფრო მეტი პრობლემა იყო და შეცდომები დავუშვით. შედეგი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელი გახლდათ 2026 წლის გამარჯვებით დაწყება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დაბრუნება. ამის შემდეგ, უნდა აღვადგინოთ მათი ტექნიკური და ფიზიკური ფორმა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ ყველა დაბრუნდება. ეს იყო უსმანის საუკეთესო მატჩი სეზონში. ის თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება. მნიშვნელოვანია მისი სათამაშო დროის მართვა. ხუთშაბათს წელს ჩვენი პირველი ტიტულისთვის ვითამაშებთ. სწორედ ამიტომ არ ითამაშა მან დღეს 90 წუთი.

„პარიზთან“ 1978 წლის შემდეგ პირველად თამაში განსაკუთრებული იყო. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტ დერბიში ვითამაშებ. მოგვწონს, რომ „პარიზი“ ლიგა 1-შია.

იმედი მაქვს, 2026 წელს რაც შეიძლება მეტ ტიტულს მოვიგებთ. ეს ჩვენი მიზანია, რომელიც, რა თქმა უნდა, ამბიციურია მიზანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ამბიციური კლუბი ვართ. გვსურს ტიტულების მოგება და სწორედ ამისკენ ვისწრაფვით.

რატომ გავბრაზდი მატჩის ბოლოს? სხვა სტადიონებზე თამაშების შეჩერება არ მინახავს, ​​თუმცა ყველაფერს გვეძახიან, მაგრამ ისინი მხოლოდ „პარკ დე პრენსზე“ აჩერებენ თამაშებს. ლიონში მივდივართ, ნანტში მივდივართ, მარსელში მივდივართ, ვიღებთ მსგავს ატმოსფეროს, მაგრამ არავინ აჩერებს მატჩს. გაბრაზებული ვარ, რადგან ისინი მხოლოდ ჩვენთან თამაშის შეჩერებით იმუქრებიან. ყველა სტადიონზე, რომელსაც ვსტუმრობთ, ისმის მეკარის წინააღმდეგ შეძახილები, კლუბის წინააღმდეგ შეძახილები, პრეზიდენტის წინააღმდეგ შეძახილები, ყველაფრის წინააღმდეგ შეძახილები, მაგრამ იქ რეაგირებას არავინ ახდენს, ამიტომ უსამართლობის განცდა მაქვს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-იში პირველი წრის დასრულების შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა და „ლანსს“ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 16 იანვარს, „ლილს“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე პსჟ-ს და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი აქვთ, რადგან 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასთვის „მარსელს“ გაეჯიბრებიან, ხოლო 12 იანვარს, საფრანგეთის თასზე ითამაშებენ, სწორედ "პარიზის" წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093791