ფეხბურთი

10:00 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "იმედი მაქვს, მომავალში ჩემი გოლი გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება"

„კადისის“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ ლა კორუნიის „დეპორტივოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

მან „კადისის“ ვებგვერდს უთხრა, რომ არ გაუმართლათ, რადგან მოგება შეეძლოთ. იური იმედოვნებს, რომ მომავალში მისი გოლი გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება:

„მიხარია, რომ გუნდს ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან „დეპორტივო“ სატურნირო ცხრილში ჩვენთან ახლოსაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა თამაშში ქულების მოპოვება. ვფიქრობ, ცოტა არ გაგვიმართლა, გვქონდა გამარჯვების შანსი, ამიტომ სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით. ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, ინდივიდუალურად ძალიან კარგი მოთამაშეები. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ქულა მოვიპოვეთ. ახლა მომდევნო მატჩებზე ვფიქრობთ. გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის მოგებაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა გოლს გავიტან, გუნდი გაიმარჯვებს.

ასეთ რთულ სტადიონზე ქულის მოპოვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ, 90 წუთის განმავლობაში „დეპორტივოს“ უჭერდნენ მხარს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო რთულს ხდიდა. დღეს ცოტა არ გაგვიმართლა, მაგრამ მომავალ მატჩებისთვის თავდაჯერებულები ვართ“, - თქვა ტაბატაძემ.

ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ტაბატაძეს 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის თასზე ორ თამაშში ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „კადისი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, „ხიხონს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.147845