„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი ჟოაო კანსელო შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.
კანსელოს „ალ-ჰილალში“ ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი აქვს და იანვარში გუნდს აუცილებლად დატოვებს. ახლა გასარკვევია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
„ბარსამ“ „ალ-ჰილალს“ ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა იჯარისა და ხელფასის მცირე ნაწილის გადახდის შესახებ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
პარალელურად, „ინტერმა“ „ალ-ჰილალთან“ უკვე მიაღწია შეთანხმებას, მაგრამ კანსელოს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს და ესპანურ გრანდს ელოდება. შესაბამისად, თუ „ბარსა“ არაბულ კლუბს მოურიგდება, პორტუგალიელი ესპანეთში გადავა, თუ არადა, „ინტერში“ დაბრუნდება.
საინტერესოა, რომ კანსელოს „ინტერში“ 2017-2018 წლების სეზონში უთამაშია, ხოლო „ბარსელონაში“ 2023-2024 წლების სეზონში. „ალ-ჰილალში“ მან 2024 წლიდან 45 მატჩში 3 გოლი გაიტანა.





