ტურინის „იუვენტუსის“ და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, უეფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონიეკმა იტალიურ მედიასთან მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, 48-გუნდიანი ფორმატი ხარისხს გააუარესებს და ფიფას ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ევროპის კონტინენტი დაზარალდა. ბონიეკმა აღნიშნა, რომ ახლა მუნდიალზე მოხვედრა უფრო ძნელია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა:
„ვერ წარმომიდგენია, იტალია შინ ჩრდილოეთ ირლანდიას ვერ დაამარცხებდეს. თეორიულად, პრობლემა მეორე მატჩშია: უელსთან ან ბოსნიასთან გასვლითი თამაში შეიძლება სახიფათო იყოს. იმედი მაქვს, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მყავს შვილიშვილები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ, იტალიის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები არიან და მსოფლიო ჩემპიონატზე „აძურის“ ნახვა სურთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლა განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ოცნება სურთ. რაც შეეხება პოლონეთს, ორი თანაბარი და რთული მატჩი გველის: ჯერ ალბანეთთან შინ, შემდეგ კი შვედეთთან და უკრაინასთან გასვლით მატჩში. თეორიულად, ფავორიტები ვართ, ისევე როგორც იტალია.
ფიფას პრეზიდენტობისთვის რომ ვიყარო კენჭი, 96 გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატის იდეას შევთავაზებდი, რათა ყველამ ხმა მომცეს. ეს პოლიტიკური საკითხია, ფულის საკითხი. მეტი მონაწილე ნიშნავს მეტ სარეკლამო შემოსავალს და მეტ სატელევიზიო უფლებას. გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ ვარ 48 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის მომხრე - ძალიან ბევრია. ეს თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ახლა უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა. ამ ზრდამ გამოიწვია ის, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა ევროპის კონტინენტი: ჩვენ მხოლოდ სამი ადგილით მეტი მივიღეთ, რაც სხვებთან შედარებით უმნიშვნელო ზრდაა“, - თქვა ბონიეკმა.







