„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბარონიმ „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რატომ არ იყო საბა საზონოვი განაცხადში.
იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან არ დამალა, რომ ეს ფაქტი სატრანსფერო ფანჯარას უკავშირდება, რომელიც ღიაა - კლუბი საზონოვის გაყიდვას ცდილობს, მაგრამ დაინტერესებული კლუბების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია.
„ეს ჩემი ტექნიკური გადაწყვეტილებებია. ახლა სატრანსფერო ფანჯარაში ვართ, სტრატეგიას ვაყალიბებთ და ვცდილობთ, მას თანმიმდევრულად მივყვეთ“, - აღნიშნა ბარონიმ.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასული სეზონი „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, სადაც საერთოდ არ უთამაშია, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.
ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საზონოვი „ხეტაფეში“ გადადიოდა, მაგრამ გარიგება ბოლოს ჩაიშალა, რის გამოც „ტორინოში“ დარჩენა მოუწია, სადაც ის სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანეს.







