ანტუან სემენიო „ბორნმუთს“ გამარჯვების გოლით დაემშვიდობა. განელმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემთან“ 95-ე წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რითაც „ბორნმუთმა“ 3:0 მოიგო.
სემენიოსთვის ბოლო მატჩი იყო „ბორნმუთში“, თანაც ეს ყველამ იცოდა. ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტის“, სადაც კარიერას გააგრძელებს, სთხოვა, რომ ამ შეხვედრაში თამაშის უფლება მიეცათ. მიიღო კიდეც და დამშვიდობება იდეალური გამოვიდა.
მატჩის შემდეგ „ბორნმუთის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ განაცხადა, რომ ბევრი ფეხბურთელი არ გააკეთებდა იმას, რაც სემენიომ გააკეთა:
„მან დაიმსახურა ეს მომენტი, ზღაპრული დასასრულია. ადვილი არ არის იმის გაკეთება, რაც მან გააკეთა, რადგან მოთამაშეთა უმეტესობა სხვაგვარად მოიქცეოდა“, - თქვა ირაოლამ.
ანტუან სემენიომ „ბორნმუთში“ 110 მატჩში 32 გოლი გაიტანა, ის „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 65 მილიონი გირვანქა სტერლინგია.





