ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც „არსენალს“ შანსი ჰქონდა სატურნირო ცხრილში უპირატესობა კიდევ უფრო გაეზარდა.
თუმცა, მიკელ არტეტას გუნდმა „ემირეითსზე“ „ლივერპულს“ ვერ აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ, ალისონმა შესანიშნავად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა, რითაც არნე სლოტის გუნდს ქულა მოაპოვებინა - 0:0.
გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე იყო (ზედიზედ მე-10 მატჩში). ქართველმა მეკარემ ბოლოს 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან წაგებულ შეხვედრაში (1:4) ითამაშა. სხვათა შორის, მას შემდეგ „ლივერპულს“ წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 5 ფრე). მამარდაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 10 მატჩია: პრემიერლიგაში 5, ჩემპიონთა ლიგაზე 4 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.
„არსენალი“ 49 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, 6 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტისა“ და „ასტონ ვილას“. „ლივერპულმა“ 2026 წელს ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და 35 ქულით მეოთხე ადგილს ინარჩუნებს.





