საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ "რასინგ სანტანდერში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კლუბში 2029 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
"რასინგ სანტანდერი" ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის, 20 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
ცნობისთვის, გულიაშვილი "სარაევოს" ღირსებას 2023 წლიდან იცავდა, მან მიმდინარე ბოსნიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





