რაგბი

19:02 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით კაჭარავა ახალ მწვრთნელზე: "მთავარი მოთხოვნა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ ახალი მწვრთნელების - ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება.

„ვულოცავ პიერ-ანრი ბრონკანსა და მარკო ბორტოლამის ამ დანიშვნას და ვუსურვებ მათ წარმატებას. ისინი ქართველ მწვრთნელებთან ერთად შეეცდებიან სწორი მიმართულებების დასახვას, რათა მსოფლიო თასამდე დარჩენილი მცირე დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა სამწვრთნელო შტაბი ჩაიბარებს როგორც ეროვნულ ნაკრებს, ასევე ‘შავ ლომს’, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი ორგანიზმის ერთმანეთზე გადაბმა. რაგბის კავშირი მათთან მჭიდრო კავშირში იქნება და მაქსიმალურად დაეხმარება საუკეთესო შედეგის მიღწევაში“.

„პიერ-ანრის მაისის ბოლომდე კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ამ პერიოდში მხოლოდ რამდენჯერმე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას, როგორც ეროვნულ ნაკრებთან, ასევე ‘შავ ლომთან’, ივნისიდან კი სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა მივიღოთ ისეთი საუკეთესო შედეგი, რომლის მსგავსი აქამდე არასდროს გვქონია“ - ამბობს დავით კაჭარავა და განაგრძობს:

„ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანი არის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს. მას არაერთ უმაღლესი დონის კლუბში უმუშავია, ასევე იყო ავსტრალიის ნაკრების ასისტენტი-მწვრთნელი 2023 წლის მსოფლიო თასზე“.

„ვფიქრობ, ჩვენთვის ფრანგი მწვრთნელი მნიშვნელოვანია, რადგან ლეგიონერების დაახლოებით 95% სწორედ საფრანგეთში თამაშობს. ბრონკანი კარგად იცნობს თითოეული ჩვენი მოთამაშის შესაძლებლობებს. მას ყოველთვის აინტერესებდა ქართველი მორაგბეები და არაერთ მათგანთან პირადად უმუშავია. მან კარგად იცის როგორც კაცთა, ასევე ესპუართა (ახალგაზრდული) გუნდებში მოთამაშე ქართველი მორაგბეების სარაგბო ბიოგრაფია. პიერ-ანრი არის მშრომელი, მაღალი დონის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ ის ქართულ რაგბს წინსვლაში დაეხმარება“.

„მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში იქნება იტალიელი მარკო ბორტოლამი, რომელიც ბოლოს ‘სეილ შარქსის’ მთავარი მწვრთნელი იყო. ის იყო იტალიის ნაკრების მოთამაშე და კაპიტანი, შემდეგ კი წლების განმავლობაში წვრთნიდა იტალიურ ფრენჩაიზს - ‘ტრევიზოს’. რა თქმა უნდა მან ძალიან კარგად იცის იტალიის შიდა სამზარეულო, თითოეული მორაგბის შესაძლებლობები და ვფიქრობ, ამ დეტალების ცოდნა დაგვეხმარება იმ გამარჯვების მიღწევაში, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია“.

დავით კაჭარავა აღნიშნავს, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბის მთავარი ამოცანა, გამარჯვებებთან ერთად, ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა:

„მთავარი მოთხოვნა გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. ჩვენ ვიცით, რომ 2026 წელს ტიერ1-ის გუნდებთან თამაშები არ გვექნება. რა თქმა უნდა რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ერთა თასის ყველა თამაშის მოგება მნიშვნელოვანია, თუმცა ამ გამარჯვებებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან სხვა შემთხვევაში მსოფლიო თასზე იმ დიდი გამარჯვებების მიღწევა გართულდება, რისი მოლოდინიც ჩვენ და ქართული რაგბის გულშემატკივარს აქვს“.

„მსოფლიო თასამდე 1 წელი და 8 თვეა დარჩენილი, რაც არც ისე დიდი დროა. ეს პერიოდი სწორად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ჩვენთაგანისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. ვფიქრობ, ეს მწვრთნელები, რომელთაც დიდი გამოცდილება და კარგი რეკომენდაცია აქვთ, დაგვეხმარებიან იმ წარმატების მიღწევაში, რასაც ასე მოუთმენლად ველოდებით“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174501