გერმანიის ბუნდესლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა და მე-16 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ სტუმრად „ფრაიბურგთან“ დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
„ჰამბურგი“ ლუკა ვუსკოვიჩის გოლით 49-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ორ წუთში მოედანზე 10 კაცით დარჩა და შემდეგ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. „ფრაიბურგმა“ ორჯერ გაიტანა და მოიგო.
გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი მცველი ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო გერმანიის თასზე სამჯერ ითამაშა.
„ჰამბურგი“ 16 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 იანვარს, „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „კიოლნს“ ორჯერ უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთხელ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ქართველ ფორვარდს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია და ზედიზედ მეხუთე მატჩი გამოტოვა. ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, „ჰაიდენჰაიმი“ კი 12 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 იანვარს ბოლოადგილოსან „მაინცს“ ესტუმრება.





