მიუნხენის „ბაიერნი“ დაიო უპამეკანოს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
ფრანგი მცველი ძლიერი ევროპული კლუბების ინტერესის მიუხედავად, დიდი ალბათობით, „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და სეზონში მისი ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება.
„უპა არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს ზრდა და გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ჯერ კიდევ არის რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი, მაგრამ ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ და ეს არის ის, რასაც ვაფასებთ. ჩემთვის ის ყოველთვის ლიდერი იყო და ამას კიდევ უფრო მეტად მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად ავლენს. ის დაცვაში მყარია. თუმცა, შესაძლოა, ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩემი ხელმძღვანელობით ყველაზე მეტად ბურთით გაიზარდა. ის შეტევაშიც თამაშობს, იცის, როგორ ითამაშოს ხაზებს შორის“, - თქვა „ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ უპამეკანოს შესახებ.
დაიო უპამეკანო „ბაიერნში“ 2021 წლიდან თამაშობს და 173 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი მცველი „ლიფერინგის“, „ზალცბურგის“ და „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა.





