იტალიის სერია A-ს მეოცე ტურში „მილანი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ სტუმრად დაუპირისპირდა და კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორედ მარცხს გადაურჩა.
„როსონერი“ „ფიორენტინასთან“ მეორე ტაიმში ძალიან სუსტად თამაშობდა და 66-ე წუთზე პიეტრო კომუცოს გოლით დაწინაურდა კიდეც. მასიმილიანო ალეგრის გუნდს საგოლე მომენტები მხოლოდ შესვენებამდე ჰქონდა, მეორე ტაიმში პრაქტიკულად არაფერი, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა.
90-ე წუთზე ფლორენციელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, რომელიც კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა - 1:1. თუმცა, „ფიორენტინას“ გამარჯვების გოლის გატანა კომპენსირებულ დროში ორჯერ შეეძლო და უნდა გაეტანა კიდეც, რომ არა, უიღბლობა. ჯერ მარკო ბრეშანინის დარტყმა ახლო მანძილიდან ხარიხას მოხვდა, შემდეგ მაიკ მენიომ პირისპირ მოიზე კინს აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
ცნობისთვის, „მილანი“ წინა მატჩშიც „ჯენოასთან“ მსგავსი სცენარით გადარჩა: კომპენსირებულ დროში გაათანაბრა და შემდეგ „ჯენოამ“ პენალტი ვერ გაიტანა.
ფაქტია, „მილანი“ დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს, უკვე 18 მატჩია სერია A-ში არ წაუგია. შედეგად, 40 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს, სტუმრად „კომოსთან“ ჩაატარებს.
„ფიორენტინა“ – „მილანი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კომუცო (66), 1:1 ნკუნკუ (90)





