სხვა

0:48 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ათანასიოს კაჩიგიასის გუნდის მეტოქე საბერძნეთი იყო, რომელმაც ძალიან ადვილად, 20:6 გაიმარჯვა.

ბერძნებმა ოთხივე პერიოდში აჯობეს საქართველოს ნაკრებს და ლოგიკურია რომ მოიგეს. ყველაფერი მეორე პერიოდშივე გაირკვა, როცა შესვენებაზე ელადელთა უპირატესობა 10 ბურთი იყო (3:0, 9:2). მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბერძენთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ორი გოლი დუშან ვაშიჩის აქტივშია, თოთოჯერ გამოიჩინეს თავი შტეფან პიესივაჩმა, ვალიკო დადვანმა, ნიკა შუშიაშვილმა და იოვან სარიჩმა. საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა და საამისოდ, ბოლო ტურში კონკურენტ სლოვენიასთან ექნება მოსაგები, თორემ, საბერძნეთი და ხორვატია ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტები არიან.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატი იქნება, საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო. ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გავა, ოთხი ჯგუფის ბოლოადგილოსნები კი ტურნირზე ბოლო ოთხი ადგილის განაწილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 13 იანვარს, 15:45 საათზე ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ტურში 15 იანვარს, 21:00 საათზე სლოვენიას გაეჯიბრება.

საბერძნეთი - საქართველო 20:6 (3:0, 9:2, 3:2, 5:2)

საქართველოს ნაკრები: რაზმაძე, ტყეშელაშვილი, დადვანი (1 გოლი), შუშიაშვილი (1), ბითაძე, ვაშიჩი (2), ადეიშვილი, სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი, პიეშივაჩი (1), ვლაჰოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097924