„ბარსელონამ“ წლის პირველი „ელ კლასიკო“ მოიგო და ტიტულიც მოიპოვა. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ჰანსი ფლიკის გუნდმა მადრიდის „რეალის“ დამარცხება შეძლო.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართული მატჩი საინტერესო გამოდგა, რაც „ელ კლასიკოსთვის“ ცხადია, დამახასიათებელია. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ოთხი გოლი გავიდა.
36-ე წუთზე რაფინიამ გახსნა ანგარიში, რასაც კომპენსირებულ მეორე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა უპასუხა. ორ წუთში „ბარსელონა“ მეორედ დაწინაურდა, „რეალის“ კარი რობერტ ლევანდოვსკიმ დალაშქრა. თუმცა, „ბარსამ“ ტაიმი მაინც ვერ მოიგო, რადგან გონსალო გარსიამ შესვენებამდე გაათანაბრა (2:2).
მეორე ტაიმი უფრო პრაგმატული გამოდგა, მაგრამ კატალონიელებმა მოახერხეს მიზნის მიღწევა. 73-ე წუთზე რაფინიამ დუბლი შეასრულა და როგორც გაირკვა, გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამგვარად, 2026 წელი „ბარსელონასთვის“ დიდებულად, იდეალურად დაიწყო: „რეალის“ დამარცხებით ტიტული მოიპოვა.
„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მე-16-ედ მოიგო.
„ბარსელონა“ – „რეალი“ 3:2 (2:2)
გოლები: 1:0 რაფინია (36), 1:1 ვინისიუსი (45), 2:1 ლევანდოვსკი (45), 2:2 გარსია (45), 3:2 რაფინია (73)





