NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლა, რომელსაც 128:118 აჯობა, ხოლო ქართველ ცენტრს სეზონში საუკეთესო თამაში ჰქონდა.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 32 წუთიც გაატარა, მათ შორის, მატჩის ბოლო წუთები, როცა თამაშის ბედი წყდებოდა და მწვრთნელი გარდამტეხ მომენტში ენდო.
გოგამ 32 წუთში 14 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი ააცილა. როდესაც გოგა პარკეტზე იყო, მისმა გუნდმა მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდო, რაც შესანიშნავი შედეგია. ბითაძე მიმდინარე სეზონში პირველად იყო სასტარტო ხუთეულში და ორმაგი დუბლიც პირველად შეასრულა.
ბითაძემ „ორლანდოს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ასევე, ბრწყინვალედ ითამაშეს პაოლო ბანკერომ (23 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი), ენტონი ბლექმა (26 ქულა, 7 პასი) და დესმონდ ბეინმა (27 ქულა).
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 გამარჯვების და 18 მარცხის ბალანსით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო 15 იანვარს, „მემფისს“ უმასპინძლებს.







