ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი „კადისის“ ფეხბურთელის, იური ტაბატაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - მოულოდნელი გოლეადორი.
ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში 6 გოლით „კადისის“ საუკეთესო ბომბარდირია და საინტერესოა, რომ 5 გოლი მაშინ გაიტანა, როცა თამაშში შეცვლაზე შევიდა. უფრო მეტიც, 23 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მაინც შედეგიანად თამაშობს და ბოლო ორ მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.
„იური ტაბატაძე „კადისისთვის“ შეუცვლელია. ის მებრძოლი, სწრაფი ფეხბურთელია, შესანიშნავი დრიბლინგის უნარითა და ძლიერი დარტყმით. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი სასურველზე ნაკლებს თამაშობს. მიუხედავად მისი შედარებით მეორეხარისხოვანი როლისა, 6 გოლით „კადისის“ საუკეთესო ბომბარდირია. ტაბატაძემ ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა გოლი, ორჯერვე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. მან ექვსი ლიგის გოლიდან ხუთი იმ მატჩებში გაიტანა, რომლებშიც შეცვლაზე შევიდა. „ეს როლი გუნდში არავის აქვს. ამჟამად, ჩვენმა ნებისმიერმა გარემარბმა შეიძლება ითამაშოს 60 ან 30 წუთი. ხუთი შეცვლით, ამ მხრივ კარგად ვმუშაობთ და თამაშზე გავლენა აქვთ, მაგრამ მათთვის რთულია მთელი 90 წუთი თამაში“, - თქვა მთავარმა მწვრთნელმა გარიტანომ ბოლო მატჩის შემდეგ.
ქართველი ფეხბურთელი თანდათან ზრდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსს, რაც 23 ნოემბრის შემდეგ არ მომხდარა, როდესაც გარიტანომ ის 37-ე წუთზე შეცვალა, მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ თამაშში. მას შემდეგ, მან მომდევნო ექვსი მატჩიდან ხუთში შეცვლიდან ითამაშა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ბოლო ორ შეხვედრაში, როდესაც ორივეში გოლი გაიტანა. ტაბატაძეს აქვს შესაძლებლობა, გააუმჯობესოს გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირების, ონტივეროსისა და კრის რამოსის შედეგი, რომლებმაც სეზონი 10-10 გოლით დაასრულეს. ქართველი ფეხბურთელი თუ 12 გოლს გაიტანს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც "კადისი" ლა ლიგაში აღზევდა და ალექს ფერნანდესმა 13 გოლი გაიტანა“, - წერს As-ი.
იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეორედ, რადგან წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა ეფექტური გოლით, როცა „დეპორტივო“ დაამწუხრა. ესპანეთის თასზე ქართველი შემტევის აქტივში ორ მატჩში ორი საგოლე პასია.





