სანტანდერის „რასინგში“ გიორგი გულიაშვილი წარადგინეს, რომელმაც ესპანელი ჟურნალისტების შეკითხვებს პირველად უპასუხა.
როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, უყვარს გამოწვევები და „რასინგშიც“ იმიტომ გადავიდა, რომ ყველას უჩვენოს, რა შეუძლია. მას მოსწონს ესპანური კლუბის პროექტი და მზადაა გუნდის დასახმარებლად.
„ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. გუშინ გუნდთან ერთად ვივარჯიშე, ბოსნიის ჩემპიონატში პაუზა იყო, მაგრამ ვარჯიში არ შემიწყვეტია და ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვარ. ვნახოთ, ეს ბარსელონასთან მოხდება თუ არა. შეტევის ყველა პოზიციაზე თამაში შემიძლია, ამას ჩემს უპირატესობად და ძლიერ მხარედ მივიჩნევ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, ყოველთვის მზად ვიქნები, რომ გუნდს დავეხმარო და თითოეული მატჩის მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთო.
ვიცი, რომ აქ ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, განსხვავდება ბოსნიისგან. რაც ვნახე, გუნდი ძალიან კარგი და შეკრულია. უკვე მქონდა შესაძლებლობა მწვრთნელებსაც შევხვედროდი და მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას. ვფიქრობ, ისინი დამეხმარებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვერგო ესპანურ ფეხბურთს. „რასინგის“ შესახებ ადრეც ვიცოდი. როდესაც კლუბის ინტერესის შესახებ გავიგე, დიდხანს არ მიფიქრია. გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე, რადგან მომწონს ეს კლუბი და ის პროექტი, რომელიც რასინგს აქვს. თავიდანვე ღია ვიყავი კლუბში გადასვლისთვის.

როგორც უკვე ვთქვი, მქონდა შესაძლებლობა მწვრთნელთან მესაუბრა. ჯერ სიღრმისეულად არ გვისაუბრია, მაგრამ მან თბილად მიმიღო და წარმატებები მისურვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლუბთან დაკავშირებული პირველი შთაბეჭდილება მართლაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, მომავალში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ტაქტიკაზე და სხვა საკითხებზე. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან საუბარი.
ძალიან მიყვარს გამოწვევები და სწორედ ამიტომ მოვედი აქ, რომ ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მზად ვარ გუნდს დავეხმარო ნებისმიერ პოზიციაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ვითამაშებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში. თუ შანსი მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას, რადგან ყველას კარგად ვიცით, რა მიზნები აქვს კლუბს ამ სეზონში. რა თქმა უნდა, ჩემს მაქსიმუმს გავიღებ, რომ გუნდს წარმატებაში და ლა ლიგაში გადასვლაში დავეხმარო.
„ბარსელონასთან“ დებიუტი? „ბარსელონა“ უმაღლესი დონის კლუბია, რაც ყველამ ვიცით. თუ ჩემი პირველი მატჩი სწორედ მათ წინააღმდეგ იქნება, ძალიან გამიხარდება. ეს დიდი თამაშია. მზად ვარ გუნდს დავეხმარო და თუ შანსი მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

„სარაგოსას“ წინააღმდეგ მატჩი ტრიბუნებიდან ვნახე. ატმოსფერო მართლაც განსაკუთრებული იყო. გულშემატკივრები ფანტასტიკურები არიან, 90 წუთის განმავლობაში გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც ძალიან მომეწონა. შთაბეჭდილებაც ძალიან დადებითია, რადგან ბევრი კარგი რამ შევამჩნიე. გარდა ამისა, ჩემი თამაში საკმაოდ ჰგავს იმ სტილს, როგორითაც გუნდი თამაშობს. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მალე მოვერგები სისტემასა და ტაქტიკას. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგია“, - თქვა გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ ბოსნიური „სარაევოდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი გააფორმა. ის ესპანურ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გულიაშვილის დებიუტი „რასინგში“ შესაძლოა, 15 იანვარს, ესპანეთის თასის მერვედფინალში „ბარსელონასთან“ შედგეს. „რასინგი“ ლა ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერია და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.





