საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა.
ათანასიოს კაჩიგიასის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა, რომელთანაც 7:18 დამარცხდა. ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, რომელიც მეტოქემ 3:2 მოიგო, ხოლო შემდეგ ხორვატების უპირატესობა მეთოდურად გაიზარდა.
საქართველოს ნაკრებში ორ-ორი გოლი ნიკა შუშიაშვილმა და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, თითოჯერ თავი სტეფან პესივაჩმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და ირაკლი რაზმაძემ გამოიჩინეს. რაზმაძე მოგეხსენებათ, მეკარეა და მან ბოლო წამებზე შეძლო გოლის გატანა, რაც გამოსარჩევი ფაქტია.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო. ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გავა, ოთხი ჯგუფის ბოლოადგილოსნები კი ტურნირზე ბოლო ოთხი ადგილის განაწილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
საქართველოს ნაკრები ორი მატჩის შემდეგ ორი წაგებით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო მესამე ტურში 15 იანვარს, 21:00 საათზე სლოვენიას გაეჯიბრება და ეს გადამწყვეტი მატჩი იქნება.
საქართველო - ხორვატია 7:18 (2:3, 0:4, 2:5, 3:6)
საქართველო: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (2), ვაშიჩი, ადეიშვილი, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოსიჩი, პიესივაჩი (1), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი (1).







