გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ უშუალო კონკურენტ და ბოლოადგილოსან „მაინცთან“ დამარცხდა.
ფრანკ შმიდტის გუნდმა 1:2 წააგო და ისედაც მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო დაუმძიმდა. ზივზივაძეს ისევ არ უთამაშია, რომელსაც ტრავმის გამო ზედიზედ მეექვსე მატჩის გამოტოვება მოუწია. ბუდუს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ჰაიდენჰაიმი“ ახლა 12 ქულით თვითონაა ბოლო ადგილზე და მომდევნო ტურში 17 იანვარს, სტუმრად „ვოლფსბურგს“ შეხვდება.
დღესვე, „დორტმუნდმა“ 3:0 სძლია ბრემენის „ვერდერს“, 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს“ „ლევერკუზენისთვის“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ დიდი თოვლის გამო მატჩი გადაიდო.





