საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები გაზაფხულზე საფრანგეთში გაემგზავრება და ზედიზედ მესამედ ითამაშებს 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე.
შარშანდელის მსგავსად ფესტივალი წელსაც საკურორტო ქალაქ ვიშში გაიმართება და საქართველო ტრადიციულად სამ თამაშს გამართავს.
ფესტივალი 3 აპრილს საქართველოსა და მასპინძელი საფრანგეთის შეხვედრით იხსნება, 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიას ვეთამაშებით. ზემოთ ნახსენები გუნდების გარდა ფესტივალში ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი მიიღებენ მონაწილეობას.
18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე საქართველომ პირველად 2024 წელს ითამაშა და მაშინ საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა. ტიერ1-ის გუნდებს შარშანაც დიდი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა ამჯერად ფესტივალი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ: იტალიასთან 24:37, უელსთან 10:17 და ირლანდიასთან 21:26.
წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი გუნდი განახლებული სამწვრთნელო შტაბით მიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაინიშნა. სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ ასევე ვეტერანი ბორჯღალოსნები - შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი) და ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი). გუნდთან ერთად რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.
RUGBY.GE







