სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:28 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ, თითქოს გამარჯვებების ნაწილი ვიყავი"
"იმედი მაქვს, 2026 წელს ჩემს მაჩვენებლებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ"

„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ესპანელი ჟურნალისტების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.

მან ისაუბრა, როგორც საკუთარ თავზე, ისე „ვილიარეალზე“ და გუნდურ მიზნებზე:

ადაპტაციის შესახებ

„ჩემთვის ძალიან კარგი პერიოდია. ჯგუფს ძალიან სწრაფად შევეგუე. მესმის, რას ითხოვს ჩემგან მწვრთნელი, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და კარგად ვუგებ ჩემს ბევრ თანაგუნდელს. ეს ყველაფერი თამაშში სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაში თამაშია: პრესინგისთვის კარგი პოზიციის დაკავება, დროის კონტროლი და ასევე ბურთის დაბრუნების შემდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა“.

მეტი სიზუსტე კარის წინ

„მქონდა შანსები, სადაც გოლის გატანა მინდოდა, რადგან ისინი აშკარა შანსები იყო. ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან, მაგრამ ბევრი ვიმუშავე შეტევის დასრულების ასპექტზე, ჩემი მოძრაობის კონტროლზე, როდესაც მეკარის წინ ვარ. ამ მხრივ ბევრს ვმუშაობ გასაუმჯობესებლად“.

წლის ძალიან კარგი დასაწყისი

„ჩემი სათამაშო დროით, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, ძალიან კონკურენტუნარიანი და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. თუმცა, გამარჯვებების წყალობით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დაიწყო 2026 წელი. თავს გადამწყვეტად, მნიშვნელოვნად ვგრძნობ და თითქოს გამარჯვებების ნაწილი ვიყავი. იმედი მაქვს, 2026 წელს ჩემს მაჩვენებლებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ“.

ლამაზი გოლები

„შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძის სპეციალობაა - ბურთის თავზე გადაგდება. ამ გზით ბევრი გოლი გამიტანია. ყოველთვის ვცდილობ, შეტევაში მოქმედება ისე დავასრულო, როგორც შემიძლია, ფეხით თუ თავით. ეს მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია. მე უფრო მარტივი გოლებიც გამიტანია, მაგრამ რთული გოლები მიყვარს და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ“.


კონკურენტუნარიანი ლიგა

„ვფიქრობ, ლა ლიგა ისეთი ჩემპიონატია, რომელიც ჩემს სათამაშო სტილს შეესაბამება. არის რამდენიმე ძალიან კარგი გუნდი და ის, რაც მას ლიგა 1-სგან განასხვავებს, არის ის, რომ ნებისმიერს შეუძლია კარგი ბრძოლის გაწევა და გამოწვევა, მოწინააღმდეგის მიუხედავად. ისტორიულ სეზონს ვატარებთ ქულებით, მაგრამ მეტი გვინდა და სატურნირო ცხრილში, რაც შეიძლება მაღლა დავასრულოთ“.

ტიტულისთვის ბრძოლა

„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ საუკეთესოებთან კონკურენცია შეგვიძლია და პირადად მე, პირველი ადგილის დაკავებასაც კი ვისურვებდი, რადგან შეუძლებელი არაფერია. ვცდილობთ ამის დამტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთულია. თამაშიდან თამაშზე ვართ კონცენტრირებული“.

ჩემპიონთა ლიგის იმედგაცრუება

„ეს არის ტურნირი, რომელიც ყველასთვის ოცნებაა და გვაძლევს მოტივაციას. ეს ჩემი პირველი სეზონია ჩემპონთა ლიგაზე და ცხადია, იმედგაცრუებაა ნაჩვენები შედეგი. თუმცა, სამწვრთნელო შტაბმა მოგვცა ძალა და გვაძლევს მოტივაციას, ვიყოთ ძლიერები და მომდევნო სეზონშიც ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე“.

ორი მნიშვნელოვანი მატჩი „ბეტისისა“ და „რეალის“ წინააღმდეგ

„ყოველთვის ვფიქრობთ შემდეგზე. „ბეტისის“ დამარცხება მნიშვნელოვანია და „ბეტისის“ დამარცხების შემდეგ, „რეალზე“ გავამახვილებთ ყურადღებას“.

მისი აღნიშვნა

„სათვალის აღნიშვნა მეგობართან კარგი ურთიერთობიდან მომდინარეობს, იმ დროიდან, როდესაც PlayStation-ს ვთამაშობდით და ის გოლებს ასე აღნიშნავდა. ესპანურის მასწავლებელი მყავს და ნელ-ნელა ვსწავლობ. ვაპირებ, რომ ეს ენა გავაუმჯობესო“.

ჩემპიონთა ლიგის მატჩი „აიაქსის“ წინააღმდეგ

„ეს არის ადგილი, სადაც ადრეც ვყოფილვარ და ამ მატჩს მნიშვნელოვან ყურადღებას მივაქცევთ. გვსურს ეს თამაში მოვიგოთ“.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 21 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ სტუმრად შეხვდება. აღსანიშნავია, რომ "ვილიარეალმა" თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ლა ლიგაში პირველი წრის შემდეგ 41 ქულა პირველად აქვს, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09231