NBA-ში „ორლანდო მეჯიქისა“ და „მემფისის“ შეხვედრა ბერლინში გაიმართა და „ორლანდომ“ დაძაბულ ბრძოლაში 118:111 გაიმარჯვა.
მატჩის ბედი ბოლო წუთებამდე გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ ნომინალურმა მასპინძლებმა ბოლოს აჯობეს მეტოქეს.
გოგა ბითაძემ 12 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„მემფისში“ საუკეთესო ჯარენ ჯექსონი იყო 30 ქულით, ხოლო „ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ 26 ქულით და 13 მოხსნით ულიდერა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 18 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს, ისევ „მემფისთან“ გამართავს.







