სანტანდერის „რასინგში“ გიორგი გულიაშვილის დებიუტი ესპანეთის თასის მერვედფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ შედგა. ქართველი ფორვარდი კატალონიურ გრანდთან ძირითად შემადგენლობაში იყო.
გულიაშვილმა მოედანზე 60 წუთი გაატარა და შემდეგ შეცვალეს. „ბარსამ“ „რასინგი“ მეორე ტაიმში გატეხა: 66-ე წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე სხვაობა ორამდე ლამინ იამალმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
ესპანეთის თასზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია: „ბარსელონა“, „ვალენსია“, „ალავესი“, „ალბასეტე“, „ბეტისი“, „ბილბაო“, „ატლეტიკო“ და „სოსიედადი“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგში“ რამდენიმე დღის წინ ბოსნიური „სარაევოდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.





