საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კვლავ ტრავმირებულია და გუნდს ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ვოლსბურგის" წინააღმდეგ მატჩშიც ვერ დაეხმარება.
აღნიშნული ინფორმაცია "ჰაიდენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენციაზე საუბრისას დაადასტურა და ქართველის მდგომარეობაზე კომენტარიც გააკეთა.
"ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა და ცოტახნით მოცდა მოგვიწევს. რამდენიმე დღის წინ მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები და სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს", - განაცხადა შმიდტმა.
ცნობისთვის, ზივზივაძემ ბოლოს 22 ნოემბერს ითამაშა და უკვე ზედიზედ მეექვსე შეხვედრას გამოტოვებს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა („აინტრახტთან“), ხოლო ორჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.





