„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ სევილიის „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ლოგიკურია, რომ მიქაუტაძემ მოუმატა და იმედოვნებს, რომ ისე თამაშს გააგრძელებს, როგორც მიმდინარე წელი დაიწყო (ზედიზედ ორ მატჩში გოლით):
„ლოგიკურია, რომ მისი თამაში გაუმჯობესდა. გუნდის მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მოსალოდნელზე მეტად, მაგრამ ეს სატრანსფერო ბაზრის ბრალია. მიქაუტაძეს თამაშის სხვა სტილთან, ლიგასთან ადაპტაცია მოუწია. ყველაფერს ერთ დღეში ვერ გააკეთებ. გარდა ამისა, გიორგი ახალგაზრდა ბიჭია, ამიტომ, როგორც წესი, მისი ადაპტაცია უფრო შეუფერხებლად მიმდინარეობს და მისი თამაშიც უმჯობესდება. ვცდილობთ, თავდამსხმელს დაცვაში, რაც შეიძლება ნაკლები სირბილი მოუწიოს. ის ბევრს დარბოდა, მაგრამ არც ისე ეფექტურად. მისგან სწორედ ამის გაუმჯობესება ვითხოვეთ. ის ძალიან კარგად თამაშობს, შესანიშნავი თვისებები აქვს და იმედია, ბოლო მატჩებში ნაჩვენებ დონეს შეინარჩუნებს“, - განაცხადა მარსელინომ.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 21 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ სტუმრად შეხვდება. აღსანიშნავია, რომ "ვილიარეალმა" თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ლა ლიგაში პირველი წრის შემდეგ 41 ქულა პირველად აქვს, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.





