სანტანდერის „რასინგში“ გიორგი გულიაშვილის დებიუტი „ბარსელონასთან“ შედგა, რომელთანაც მოედანზე 60 წუთი გაატარა.
მისი გუნდი 0:2 დამარცხდა და ესპანეთის თასს მერვედფინალში გამოეთიშა, მაგრამ მიზანი ლა ლიგაში გადასვლაა. 18 იანვარს, „რასინგი“ კონკურენტ „ლას პალმასს“ შეხვდება და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ გულიაშვილზეც ისაუბრა (ასევე სხვა ახალწვეულებზე - დამიან როდრიგესსა და მანექს ლოზანოზე).
„მათ ძალიან ცოტა ვარჯიში ჩაატარეს. დამიანს ცოტა მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვითხოვ, მოთმინებას მათ შესახებ დასკვნების გამოსატანად. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მათგან ვხედავ, ისინი ყოველდღიურად უფრო ინტეგრირდებიან გუნდში, მაგრამ დასკვნების გამოსატანად მოთმინებაა საჭირო. ისინი იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში წვლილს შეიტანენ. თავიანთ პოზიციებზე მეტი კონკურენციის შესაქმნელად და გუნდის დასახმარებლად დავიმატეთ და მჯერა, ასეც იქნება“, - თქვა ხოსე ალბერტომ.
შეგახსენებთ, რომ „რასინგი“ ლა ლიგა 2-ს 38 ქულით ლიდერობს და „ლას პალმასს“, რომელსაც ასევე 38 ქულა აქვს, 18 იანვარს შეხვდება. გიორგი გულიაშვილმა ესპანურ კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.





