„კრისტალ პალასის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა დაადასტურა, რომ მარკ გეჰი გუნდს ტოვებს, რომელიც კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.
როგორც მან თქვა, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ფეხბურთელს წარმატებები უსურვა:
„ბოლო ინფორმაციით მარკის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ვერ დავადასტურებ კლუბს, რადგან გარიგება ოფიციალურად არ დასრულებულა, მაგრამ დეტალებზე ვმუშაობთ. შესაბამისად, მარკი ხვალ ჩვენთან არ ითამაშებს. ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ვფიქრობ, რომ მას შესანიშნავი კარიერა ექნება“, - თქვა გლასნერმა.
მარკ გეჰი გუნდს იანვარში 23 მილიონ ევროდ დატოვებს, რაც შესანიშნავი გარიგებაა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უფრო მეტად აფასებდა. თუმცა, ვინაიდან კონტრაქტი 5 თვეში ეწურებოდა, 23 მილიონი მართლაც განსაკუთრებულად სარფიანი შეთავაზებაა. "სიტიმ" კონკურენციის დასაძლევად გადაწყვიტა ხსენებული თანხის გადახდა.
გეჰი „კრისტალ პალასს“ ახლა დატოვებს, ხოლო სეზონის ბოლოს გლასნერიც, რომელმაც ეს ინფორმაციაც დაადასტურა:
„გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე. ოქტომბერში სტივს შევხვდი და დიდხანს ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ ახალ კონტრაქტს არ მოვაწერდი ხელს. მაშინ შევთანხმდით, რომ საუკეთესო იქნებოდა ამის საიდუმლოდ შენახვა და სამი თვის განმავლობაში მოვახერხეთ ამის გაკეთება“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ოლიერ გლასნერის ხელმძღვანელობით „კრისტალ პალასმა“ თავის ისტორიაში პირველი ტიტულები მოიგო - ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი.





