„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლილთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გუნდმა პრესინგზე ცუდად ითამაშა, რაც გასაკვირი იყო, რადგან როგორც წესი, პსჟ პრესინგზე ეფექტურად თამაშობს.
„რთული მატჩი იყო. ისინი ადვილად გაუმკლავდნენ ჩვენს პრესინგს. ეს უჩვეულოა, რადგან ჩვენი პრესინგის სტილი ზოგადად ეფექტურია. პირველი ტაიმი ბურთის გარეშე კატასტროფული იყო, ბურთით კი სიზუსტე და ხარისხი გვაკლდა, ამიტომ ძალიან რთული იყო. მეორე ტაიმში პრესინგის სტილის ოდნავ შეცვლა შევძელით და ამან თამაში შეცვალა. მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი ნათლად არ ასახავს "ლილსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის არსებულ განსხვავებას ამ მატჩში.
დემბელეს მეორე გოლი სუფთა PlayStation-ის გოლი იყო. მხოლოდ უსმანის კალიბრის მოთამაშეს შეეძლო ამის გაკეთება. ყველა იტყვის, რომ უსმანი საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ჩემთვის არა. ჯერ კიდევ გვჭირდება დემბელეს საუკეთესო ვერსია დაცვაში, რადგან გვჭირდება მისნაირი მოთამაშე თავდაცვითი მენტალიტეტით. მან ეს გასულ სეზონში აჩვენა და წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ეს უნდა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, დღეს უსმანმა შეტევაში წარმოუდგენლად ითამაშა, მაგრამ დაცვაში - არა.
ჩემი მე-100 გამარჯვება პსჟ-ში? ცუდი არ არის, უნდა გავაგრძელო. ათასი მინდა, ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ 42 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 იანვარს „ოსერს“ სტუმრად შეხვდება, თუმცა მანამდე 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე ასევე სტუმრად „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.





