ფეხბურთი

17:45 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და სიტუაცია შევცვალოთ"

„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ის მე-18 ტურში „სტრასბურთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, „მეცის“ რთულ სეზონში, რომელიც ბოლო ადგილზეა, დამნაშავე ფეხბურთელებიც არიან, ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და სიტუაცია შეცვალონ.

- როგორ ახსნით "მონპელიესთან" განცდილ მძიმე მარცხს ?

- ამის ახსნა არ შემიძლია, რადგან ფეხბურთში ხანდახან ისეთი რამ ხდება, რაც არ გინდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. შესაძლოა, ყველაზე ცუდიც კი. თუმცა, მირჩევნია იმაზე ვისაუბრო, რაც უნდა გავაკეთოთ. შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ლიგა 1-ში დასარჩენად ბევრი სამუშაო გვაქვს, ამიტომ ამისთვის ვიბრძოლებთ.

- როგორი ატმოსფეროა გუნდში?

- არ ვიტყოდი, რომ ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვი, ჩვენი პოზიციის შესანარჩუნებლად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. მხოლოდ კოლექტიურად გაუმჯობესებაზე და სიტუაციის შეცვლაზე ვფიქრობთ.

- ჭორების მიხედვით, სტეფან ლე მინიანის მიდგომა გუნდისთვის მიუღებელია. ეს ჭორები სიმართლეს შეესაბამება?

- ჭორებს არ ვკითხულობ, რადგან ისინი ფრანგულ ენაზეა (იცინის). მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ვცდილობთ, მისი მითითებები შევასრულოთ. ზოგჯერ კარგად ვაკეთებთ ამას, ზოგჯერ კი ცუდად. პასუხისმგებლობა მხოლოდ მწვრთნელს, პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორს ან სხვას არ ეკისრება. ფეხბურთელებსაც აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობები, ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და სიტუაცია შევცვალოთ.

- „მეცში“ მოსვლისას ელოდით, რომ ასეთი რთული სეზონი იქნებოდა?

- არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობ. ასე რომ, როდესაც აქ ჩამოვედი, არანაირი ნეგატიური აზრი არ მქონია. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის. მე გუნდის ნაწილი ვარ, ყველანი ერთ ნავში ვართ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველაფერი გავაუმჯობესო.

- იცით, რომ „მეცის“ ფანები ძალიან გაბრაზებული არიან?

- არ ვიცი, რა თქვეს, მაგრამ სრულიად მესმის მათი უკმაყოფილება. ცხადია, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ გუნდს, ისინი ფანტასტიკურები არიან და მიყვარს საშინაო თამაშები. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მხარეს იქნებიან, რათა ყველაფერი გამოვასწოროთ, რადგან ისინი გვჭირდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

- იცით თუ არა „სტრასბურთან“ რეგიონული მეტოქეობის შესახებ?

- რა თქმა უნდა, პირველი მატჩის შემდეგ. ჩემთვის ეს სიახლე არ არის, რადგან მე კიევის „დინამოში“ ვთამაშობდი და დონეცკის „შახტარი“ ჩვენი მეტოქე იყო. ამ ტიპის მატჩები მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან გვინდა გულშემატკივრები გავახარაოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.

- მოგწონთ ასეთი მატჩები?

- რა თქმა უნდა, ყველას უყვარს ამ ტიპის მატჩები. ასევე ვიცი „ნანსის“ წინააღმდეგ დერბის შესახებ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ერთ-ერთ მათგანში ვითამაშებ.

- ლიგა 1-ში?

- კი, რა თქმა უნდა!

- რას ფიქრობთ თქვენს თანამემამულე გიორგი აბუაშვილზე, რომელიც ამ სეზონში ძალიან ცოტას თამაშობს?

- ნებისმიერი მოთამაშე მოწყენილია, როდესაც არ თამაშობს ან ძალიან ცოტას თამაშობს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქციაა. ძლიერი უნდა იყო, ბევრი იშრომო. თუ ამას გააკეთებ, პრობლემა არ იქნება. იმედი მაქვს, შანსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091044