ზამთრის პაუზის შემდეგ გერმანიის II ბუნდესლიგა განახლდა, რომლის მე-18 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „ელვერსბერგი“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
სტუმრები ორჯერ იგებდნენ, ბავარიელებმა ორჯერვე გაათანაბრეს. 85-ე წუთზე, 2:2-ზე, „ელვერსბერგმა“ პენალტი ვერ გაიტანა, რითაც „ნიურნბერგმა“ ისარგებლა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესამედ დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩი, რომელშიც ორჯერ აგებდა, 3:2 მოიგო.
ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და შეფასების სახით 8.4 ქულა დაიმსახურა. „ნიურნბერგი“ 25 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 იანვარს, „დარმშტადტს“ ესტუმრება.
ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „მილუოლთან“ 0:2 დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. მან მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„უოტფორდის“ ოთხმატჩიანი მოგებების სერია შეწყდა და 41 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 იანვარს „პორტსმუთს“ უმასპინძლებს.







