საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო და პირველ ტურში მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის ნაკრებთან ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 29:32 დამარცხდა.
ტიტე კალანდაძის გუნდი წყვილში აშკარა აუტსაიდერი იყო, მაგრამ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და მოგებაც შეეძლო. პირველ ტაიმში საქართველო მეტოქეს 6-ბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდა. საბოლოოდ, ტაიმი 14:15 დასრულდა ხორვატების სასარგებლოდ.
მეორე ნახევარში ბრძოლა გაგრძელდა, მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და უმეტესად წინ საქართველოს ნაკრები იყო. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში საყაიმოც გახლდათ, მაგრამ ბოლოს ხორვატიამ მაინც იძალა და საბოლოოდ, 32:29 მოიგო. საქართველოს ნაკრები ქებას ნამდვილად იმსახურებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო 7 გოლით, გიორგი დიხამინჯიამ 6 გოლი გაიტანა, ხაზეინ რუსტამოვმა და ნიკოლოზ კალანდაძემ 5-5, მირიან გავაშელიშვილმა 4, ხოლო ირაკლი კბილაშვილმა - 2.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს ხელბურთის კიდევ ერთ გრანდთან და ტურნირის მასპინძელთან, შვედეთთან 19 იანვარს გამართავს.
ხორვატია - საქართველო 32:29 (15:14)
საქართველო: ცხოვრებაძე (7 გოლი), დიხამინჯია (6), რუსტამოვი (5), კალანდაძე (5), გავაშელიშვილი (4), კბილაშვილი (2), ლაფიაშვილი, ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, არსენაშვილი, გოგავა, გრიშიკაშვილი.







