NBA-ში „ორლანდო“ „მემფისს“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა, ამჯერად ლონდონში.
სამი დღის წინ, ბერლინში ამ გუნდების შეხვედრა „მეჯიქმა“ მოიგო, თუმცა, ახლა „მემფისმა“ რევანში აიღო, რომელმაც პირველივე პერიოდში 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, დამაჯერებლად, 126:109 გაიმარჯვა.
გოგა ბითაძეს საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა, რომელმაც 15 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი არ უსვრია. ასე რომ, შეტევაში 100%-იანი სიზუსტით იმოქმედა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მემფისელი ჯა მორანტი იყო 24 ქულით და 13 პასით, ხოლო „ორლანდოს“ ენტონი ბლექმა ულიდერა - 19 ქულა და 6 პასი.
„ორლანდო“ 23 გამარჯვებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიციას იკავებს, 23 იანვარს კი „შარლოტს“ უმასპინძლებს.







