სენეგალის ნაკრების ფეხბურთელმა სადიო მანემ აფრიკის თასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მატჩის ბოლოს, როცა მსაჯმა მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და თამაში შეწყდა. გამონაკლისი იყო სადიო მანე, რომელიც მოედანზე დარჩა და შემდეგ თანაგუნდელებიც დააბრუნა, რამაც თამაშის განახლება შესაძლებელი გახადა.
საბოლოოდ, ბრაიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა, თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც პაპე გეიემ სენეგალს ტიტული მოაგებინა. მანეს კომენტარი კი მომხდარზე ასეთია:
„მატჩის დროს ბევრი კამათი იყო. პირადად მე, არ მგონია, რომ პენალტი ყოფილიყო, მაგრამ თუ მსაჯმა ის დანიშნა, თქვენ უნდა შეეგუოთ ამას: ეს ფეხბურთია. მნიშვნელოვანი იყო თამაშის გაგრძელება. ყველას სურდა მოედნის დატოვება, ამიტომ რჩევა კლოდ ლე რუას ვკითხე: ის სწორი ადამიანია. მან მითხრა: „შენ უნდა დარჩე და ითამაშო“. ასევე ვესაუბრე ელ ჰაჯი დიუფს, რომელმაც იგივე რჩევა მომცა. ამიტომ ყველას დავუძახე და ვუთხარი: „ბიჭებო, ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, მოდით ვითამაშოთ, გაიტანს თუ არა დიასი გოლს“. საბოლოოდ, ჩვენ დავჯილდოვდით“, - თქვა მანემ.
შეგახსენებთ, რომ სენეგალი აფრიკის თასის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა, ხოლო სადიო მანე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.







