მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფაში სარჩელს შეიტანს სენეგალის ნაკრების წინააღმდეგ.
საქმე ეხება პენალტის დანიშვნის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, როდესაც სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა და თამაში შეწყვიტა. ისინი რამდენიმე წუთში სადიო მანემ დააბრუნა მოედანზე. მაროკოს ნაკრების ფეხბურთელმა ბრაიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა, მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა და სენეგალმა 1:0 მოიგო.
მაროკოელები მიიჩნევენ, რომ მატჩზე გავლენა იქონია სენეგალელთა საქციელმა და ამიტომაც, ფიფაში სარჩელს შეიტანენ:
„მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასა და საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის ფედერაციაში (FIFA) შეიტანს სარჩელს ფინალში სენეგალის ეროვნული ნაკრების მოედნიდან გასვლასთან დაკავშირებით. ასევე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც მსაჯმა პენალტი დანიშნა ყველა ექსპერტთან გადამოწმების შედეგად. ამ სიტუაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მატჩის ნორმალურ მიმდინარეობასა და ფეხბურთელთა თამაშზე. მადლობას ვუხდით მაროკოელ გულშემატკივარს მთელი ტურნირის განმავლობაში მხარდაჭერისა და მათ, ვინც შესაძლებელი გახადა ამ ტურნირის ჩატარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქმეზე მუშაობს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაც. ვარაუდობენ, რომ დამნაშავეებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის სულ მცირე ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან. რა თქმა უნდა, ეს სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ეხებათ.







