საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
მეორე ტურში ტიტე კალანდაძის გუნდი 5-გზის ევროპის ჩემპიონ და მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდა, რომელიც ტურნირის მთავარ ფავორიტებშია. შვედების გამარჯვება მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა - 38:29.
თავიდან მატჩი დაძაბული იყო, საქართველოს ნაკრებმაც წინ გასვლა შეძლო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სკანდინავიელთა უპირატესობა გაიზარდა. პირველი ტაიმი შვედეთმა 20:15 მოიგო. სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, ისევ შვედეთი ფლობდა უპირატესობას და საბოლოოდ, 9-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.
საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც შვედებმა ვერ შეაჩერეს. მან 11 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, მატჩის საუკეთესო ხელბურთელადაც აღიარეს. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მატჩის MVP დამარცხებული გუნდის წევრი გახდა.
5 გოლი გაიტანა ნიკოლოზ კალანდაძემ, 4 ირაკლი კბილაშვილმა, 3-3 ხაზეინ რუსტემოვმა და გიორგი დიხამინჯიამ.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი წაგება აქვს და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ჯგუფიდან შვედეთი და ხორვატია უკვე გავიდნენ. თუმცა, ბოლო ტურში, 21 იანვარს, საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჯგუფში მესამე პოზიციისა და პრესტიჟისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ თამაშობს, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.
საქართველო - შვედეთი 29:38 (15:20)
საქართველო: ცხოვრებაძე (11 გოლი), კალანდაძე (5), კბილაშვილი (4), რუსტამოვი (3), დიხამინჯია (3), ლაფიაშვილი (1), არეშიძე (1), გავაშელიშვილი (1), ხელისუფალი, ხარებაშვილი, არსენაშვილი, გოგავა, გრიშიკაშვილი.







