საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, რიგაში გამართავს. პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა.
ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“.
მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ.
ირაკლი თოდუა (ფუტსალის ნაკრების წევრი): „შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ".
ლატვიის გარდა, A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ხორვატია და საფრანგეთი არიან. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, 2022 წელს ჯგუფიდან გასვლაც შეძლო და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)





