შვედეთის ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ აპელგრენმა და კაპიტანმა ანდრეას პალიჩკამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს და ორივემ ტიტე კალანდაძის გუნდი შეაქო.
მიხაელ აპელგრენი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ნაწილობრივ წუთშესენება სწრაფად იმიტომ ავიღეთ, რომ საქართველო მაღალი წნეხით თამაშობდა. მათ ხორვატიასთანაც ასეთი სცენარით დაიწყეს. საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე აქამდე მეგონა. ის ვიდეოები, რომლებიც აქამდე ვნახეთ, ასეთ დონეს სულაც არ აჩვენებდა. მათ კვლავაც დაამტკიცეს, რომ კარგები არიან, ჩვენ კი იმ მომენტში დაცვაში საქმე კარგად არ მიგვდიოდა. შემდეგ რაღაცებს გადავხედეთ, ტაქტიკა შევცვალეთ და რამდენიმე „დარტყმა“ მივაყენეთ. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ მეტი უკეთესი მოთამაშე გვყავს, ვიდრე მათ.“
ანდრეას პალიჩკა (შვედეთის ნაკრების კაპიტანი): „პირველ ტაიმში გარკვეული თავდაუჯერებლობა გვქონდა. საქართველოს ჰყავს ორი საოცარი დამრტყმელი - გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე. მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ისინი მართლა კარგები არიან. ეტყობათ, რომ უფრო განვითარდნენ. დაცვაში უნაკლო თამაში არ გვქონია, მაგრამ ცუდიც არ ყოფილა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი წაგება აქვს და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ჯგუფიდან შვედეთი და ხორვატია უკვე გავიდნენ. თუმცა, ბოლო ტურში, 21 იანვარს, საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჯგუფში მესამე პოზიციისა და პრესტიჟისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ თამაშობს, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.







